საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლეიდენის უნივერსიტეტის პროფ. ლუკ ვერჰეის საჯარო ლექცია კლევერინგას პატივსაცემად თემაზე „როგორ გამოვიყენოთ მონაცემთა დაცვის წესები პრაქტიკაში?“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომლობით, 2023 წლის 29 ნოემბერს, 17:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ლუკ ვერჰეის საჯარო ლექცია თემაზე: როგორ გამოვიყენოთ მონაცემთა დაცვის წესები პრაქტიკაში?

 

საჯარო ლექცია ტარდება ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას პატივსაცემად. როგორც იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კლევერინგამ 1940 წლის 26 ნოემბერს საჯარო გამოსვლაში გააპროტესტა ნაცისტური ოკუპანტი ძალების მიერ ებრაელი კოლეგების და განსაკუთრებით მისი კოლეგის, მაიერსის სამსახურიდან გათავისუფლება. ამის გამო ის მალევე დააკავეს. მისმა გამოსვლამ სტუდენტების გაფიცვა გამოიწვია. უნივერსიტეტი ნაცისტებმა დახურეს და მთელი ომის განმავლობაში დახურული დარჩა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, პროფესორ კლევერინგას პატივსაცემად, ყოველწლიურად, ლეიდენის უნივერსიტეტის ფონდი მართავს „კლევერინგას ლექციებს“ მსოფლიოს მრავალ ადგილას.

 

2023 წელს, საქართველოში საჯარო ლექცია მიეძღვნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების, კერძოდ, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და პრაქტიკაში მისი რეალიზების პერსპექტივების განხილვას, მათ შორის, 2018 წელს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძალაში შესვლიდან დღემდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ გავლენას საქართველოზე.

 

მომხსენებლის შესახებ:

პროფესორი ლუკ ვერჰეი არის ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორი საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 1992 წელს უტრეხტის უნივერსიტეტში მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფუნდამენტური უფლებების ჰორიზონტური ეფექტის შესწავლაში, კერძოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით; 1986-1993 წლებში იგი იყო ასისტენტ-პროფესორი როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტსა და უტრეხტის უნივერსიტეტში; 1993-2000 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო დეპარტამენტის იურისტი და შემდგომში ამავე დეპარტამენტის მრჩეველი; 2000-2012 წლებში მაასტრიხტის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი; 2008 წლიდან მაასტრიხტის მონტესკიეს ინსტიტუტის დირექტორი; 2007 წლიდან 2010 წლამდე პროფ. ლუკ ვერჰეი იყო იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო დირექტორატში მრჩეველი, რომელიც პასუხისმგებელია ნიდერლანდების ანტილის კუნძულების საკონსტიტუციო რეფორმის პროექტების მართვაზე; 2011 წლის 1 მარტიდან კი - სახელმწიფო საბჭოს მრჩეველთა დეპარტამენტის წევრი.

თარიღი: 22/11/2023